სიახლეები
საკვირაო ქადაგება
11/11/2012
სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდათა სულისათა.
ჩვენთან არს ღმერთი!
დიდ ხარ შენ უფალო და საკვირველ არიან საქმენი შენი. მართლაც, უფლის წყალობა დიდია და აურაცხელი. ადამიანი მიდის ღვთისაგან და უფალი მოდის მაინც ჩვენთან. უფალი წყალობს ადამიანს, იმიტომ, რომ ხატია ღვთისა.
მე დაგავალეთ თქვენ, რომ წერილობით დაგეწერათ ასეთი თემა: “ღმერთი, სამშობლო და ადამიანი”. უკვე მომიტანეს ერთი და ვისაც გაქვთ დაწერილი, შეგიძლიათ გადმოგვცეთ.
ეს არის ქვაკუთხედი ჩვენი ცხოვრებისა. ეს არის ის, რასაც უნდა დაეყრდნოს ყოველი ადამიანი, ყოველი სახელმწიფო და მთელი მსოფლიო – ეს არის “ღმერთი სამშობლო და ადამიანი”.
ჩვენ ოდითგანვე მორწმუნეები ვიყავით და ვართ, ღვთის მადლით. მაგრამ იყო ტრაგიკული დღეები და წლები ჩვენში, როცა ადამიანი თავისი ხელით ანგრევდა ტაძრებსა და მონასტრებს. იყო დრო, როცა ვაშენებდით და ვანგრევდით. დღეს არის დრო, როცა ვაშენებთ. უპირველეს ყოვლისა, უნდა ავაშენოთ სულიერი ტაძარი ჩვენს გულში.
მე მახსენდება ის დრო, როცა ჩვენ ამ წმიდა ტაძრის აშენება გვინდოდა. მრავალი ადამიანი სკეპტიკურად იყო განწყობილი და ვერ წარმოედგინა, რომ ასეთი გაჭირვების ჟამს აშენდებოდა ეს ტაძარი. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ხელთუქმნელი ტაძარი. ჩვენ თითქმის არც გვიშრომია და არც გვიღვაწია ამ ტაძრის მშენებლობაში. თვითონ შენდებოდა და აშენდა. მე მინდა მადლობა ვუთხრა უფალს და მათ, ვინც ააშენა იგი. ეს არის კარიბჭე სასუფეველისა და შემთხვევით არ არის, რომ წმიდა სამების სახელზეა აგებული. ჩვენ რომ გადაგვეწყვიტა ტაძრის აშენება, რომელიმე წმიდანის სახელზე ის ტაძარი ვერ აშენდებოდა ან აშენდებოდა ძალიან მცირე და ვმადლობთ უფალს. ჩვენი სარწმუნოება გამოვლინდა ამ ტაძრის მშენებლობაში. თქვენი სახელები, გვარები ჩავატანეთ საძირკველში და ეს იქნება მუდმივი ლოცვა თქვენთვის.
ასევე, სამშობლო უწმინდესია. სამშობლო ეს არის ჩვენი სული და ხორცი, ჩვენი წარსული და მომავალი. ეს არის უდიდესი სიწმინდე.
ჩვენი მიწა მორწყულია მოწამეების სისხლით. მთელი მტკვრის ნაპირი, სადაც რაღაც უცნაური ქანდაკებებია თუ რაღაც მშენებლობა, სულ წმინდანების სისხლითაა მორწყული და ჩვენ ამ ადგილზე უნდა გვქონდეს ტაძარი “ასი ათასი მოწამის”.
მე მინდა შეგახსენოთ, რომ სამშაბათს ტაძარში იქნება წირვა, რომელსაც შეასრულებს მღვდელმთავარი და საღამოს 3 საათზე დაიწყება ხალხის მსვლელობა ტაძრებიდან. 5 საათზე მეტეხის ხიდზე იქნება შესრულებული პარაკლისი, რომელსაც ღვთის მადლით მე თვითონ შევასრულებ. ე.ი. ახლა სამშაბათს, ზეგ იქნება “ასი ათასი მოწამის” ხსენება.
3 საათზე დაიწყება მსვლელობა ქალაქში და 5 საათზე შესრულდება პარაკლისი.
ის წმიდანები, რომელნიც ღირსი გახდნენ სასუფეველისა, ისინი აღიზარდნენ ამ მიწაზე, საქართველოში. მსოფლიოში არ არის არც ერთი ქვეყანა, არც ერთი ეკლესია რომ ჰყავდეს ამდენი მოწამე და ამდენი წმიდანი. ეს არის უდიდესი წყალობა ღვთისა.
ეს ხალხი და ჩვენც ვიზრდებით ჩვენი მამა-პაპათა ფესვებზე. ამიტომ მე ძალიან მიკვირს, როცა ადვილად ტოვებენ სამშობლოს და მიდიან უცხოეთში. მინდა მოვუწოდო ყველას, უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს – დაბრუნდით სამშობლოში, საქართველოში და თქვენ მხოლოდ აქ გაიხარებთ. თქვენ ბედნიერი იქნებით მხოლოდ საქართველოში.
და ბოლოს, ადამიანი – ეს უძვირფასესი ქმნილება ღვთისა, ეს არის უნიკალური და ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ყველა ადამიანს. ჩვენ არ გვაქვს უფლება შეურაცხყოფა მივაყენოთ ადამიანს. ადამიანი ეს გვირგვინია ქმნილებისა. თვითონ სიტყვა “ადამი” ნიშნავს წითელ მიწას, თიხას. იმისგან შექმნა და შთაბერა მასში სული. წმიდა პავლე მოციქული ამბობს: “ურთიერთსიმძიმე იტვირთეთ და ესრეთ აღასრულეთ სჯული იგი ქრისტესი”. ე.ი. უნდა ვიტვირთოთ სიმძიმე სხვათა. მაგ.: უნდა წავიდეთ საავადმყოფოში მოვიკითხოთ გაჭირვებული ხალხი. უნდა მივიდეთ სახლებში, სადაც უჭირთ. უნდა მივიდეთ ციხეში, სადაც ასევე უჭირთ. ამით აღვასრულებთ ჩვენ სჯულსა ქრისტესი.
მე კიდევ ერთხელ გლოცავთ ყველას. უნდა ვიჩქაროთ კეთილი საქმის კეთებაში და მადლი ღვთისა იქნება ჩვენზე, ამინ!
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II
11.10.12
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
საქართველოში მოქმედ რელიგიათა ხელმძღვანელებმა ტოლერანტობის დღეს საქართველოს პატრიარქს თანადგომა გამოუცხადეს


















