Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Geogrian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


Patriarch

სადღესასწაულო ქადაგება

23/11/2013

გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგია შესრულდა. წირვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად აღავლინა.

მსახურების დაწყებამდე ტაძარში იღუმენ გიორგი ჯამდელიანის ეპისკოპოსად კურთხევის რიტუალი შესრულდა.

კათოლიკოს-პატრიარქმა იგი მარნეულისა და ხუჯაბის ეპისკოპოსად აკურთხა.

მსახურების დასრულების შემდეგ კათოლიკოს-პატრიარქმა სრულიად საქართველოს წმინდა გიორგის ხსენების დღე მიულოცა და ტრადიციული ქადაგებით მიმართა.

„წმინდა გიორგისა და ღვთისმშობლის ლოცვებით საქართველო გამთლიანდება, დაგვიბრუნდება აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი“, - განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.

უწმინდესმა ქადაგებისას წმინდა გიორგის მოწამეობრივი ცხოვრება გაიხსენა და აღნიშნა, რომ ჩვენ უნდა გადავხედოთ ჩვენს ცხოვრებას, რა არის ჩვენთვის ფასეული და შევინარჩუნოთ იგი.

"უნდა გადავხედოთ რა არის ჩვენი ცხოვრება, ვინ ვართ ჩვენ, რა გაგვაჩნია, საიდან მოვდივართ და საით მივდივართ, როგორ ვხედავთ ჩვენს მომავალს. ჩვენ არ უნდა დავემსგავსოთ მთიდან დაგორებულ ლოდს. საქართველო უმდიდრესი ქვეყანაა და ეს უმთავრესად სულიერებაში გამოიხატება. ჩვენი ენა, კულტურა, სარწმუნოება, ეს უდიდესი საუნჯეა, რომელიც არ უნდა დავკარგოთ. წმინდა გიორგის ლოცვით საქართველო შეინარჩუნებს ამას", - აღნიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიაქმა.

ქადაგებისას უწმინდესმა ასევე აღნიშნა, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი საქართველოს მფარველია, იგი იცავს მას ხილული და უხილავი მტრებისაგან. მისივე თქმით, წმინდა გიორგის და ღვთისმშობლის ლოცვებით საქართველო გამთლიანდება, დაგვიბრუნდება აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი, საქართველო გაბრწყინდება.

"ტყუილად არ ამბობს იოანე ზოსიმე "ამას ენასა შინა დამარხულ არს", ლაზარე აღდგა მკვდრეთით, ასევე აღსდგება საქართველო, ჩვენი კულტურა და მეორედ მოსვლის ჟამს, როგორც იოანე ზოსიმე ამბობს - ერები განიკითხებიან ქართულითა ენითა. რით დაიმსახურა საქართველომ ეს? დაიმსახურა იმით, რომ მთელს მსოფლიოში დაკნინდება ჭეშმარიტი სარწმუნოება, საქართველო გაბრწყინდება და ეს იქნება ჯილდო ღვთისაგან", - აღნიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.

უწმინდესმა დღევანდელი დღე მიულოცა ყველა გიორგის, საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს, ასევე ედუარდ გიორგი შევარდნაძეს, ასევე, მიხეილ სააკაშვილს, ბიძინა ივანიშვილს, ირაკლი ღარიბაშვილს, საქართველოს მთავრობას, პარლამენტის თავმჯდომარეს, პარლამენტის წევრებს და სრულიად საქართველოს.

პატრიარქმა გიორგობის დღესასწაული მიულოცა ორი წლის გიორგი ბაგრატიონს.

უწმინდესმა ამბიონზე მიიწვია ტაძარში მყოფი საქართველოს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც სრულიად საქართველოს დღევანდელი დღე მიულოცა. პრემიერმა აღნიშნა, რომ წმინდა გიორგი სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვების სიმბოლოა და სიკეთე უსურვა სრულიად საქართველოს. კათოლიკოს-პატრიარქმა კი ნიშნად პატივისცემისა, საქართველოს პრემიერს გულზე დასაკიდებელი მინანქრის წმინდა გიორგის ხატი აჩუქა.

ქადაგების ბოლოს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ეპისკოპოსად კურთხევა და ანგელოზის დღე მიულოცა დღეს ახლად ნაკურთხ მარნეულისა და ხუჯაბის ეპისკოპოსს გიორგი ჯამდელიანს. პატრიარქმა აღნიშნა, რომ ახლად ნაკურთხი ეპისკოპოსი იქნება არა მარტო იქ მცხოვრები ქართველების, არამედ მთელი იქაური მოსახლეობის, აზერბაიჯანელებისა და სხვების სულიერი მამა. ნიშნად ამისა, მას გადასცა სამღვდელთმთავრო კვერთხი, რომელიც პატრიარქის თქმით, არის უფლებამოსილების სიმბოლო. უწმინდესმა აღნიშნა, რომ მღვდელთმთავრობა დიდი პატივი და უმძიმესი ჯვარია.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 23 ნოემბერს  წმინდა გიორგის ბორბალზე წამების დღეს აღნიშნავს. ეკლესია წმინდა გიორგის ხსენებას წელიწადში ორჯერ ზეიმობს. 6 მაისი წმინდა გიორგის თავის კვეთის დღეა. წმინდა დიდმოწამე გიორგი ქართველი ერის მფარველად ითვლება და მას განსაკუთრებულ პატივს მიაგებენ. წარმოშობით წმინდა გიორგი კაბადოკიელი იყო და 30 წლის ასაკში, 303 წელს მოწამეობრივად აღესრულა.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced