სიახლეები
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის წერილი მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქს
18/11/2019
თქვენო უწმინდესობავ,
მოგესალმებით ქრისტესმიერი სიყვარულით და მოგმართავთ შემდეგი საკითხის გამო: ჩვენ გულისტკივილით ვადევნებთ თვალს ცხინვალის რეგიონში რუსეთის მხრიდან საზღვრის გადმოწევის და საზღვრისპირა ზოლიდან ადამიანების გატაცების ფაქტებს, რასაც პერმანენტული ხასიათი აქვს. ამჯერად ყველა შეშფოთებულია აღიარებული ქირურგის, ბატონ ვაჟა გაფრინდაშვილის ცხინვალის იზოლატორში დაკავების გამო. ასეთი ვითარება ჩვენს საზოგადოებაში სამართლიან, დიდ უკმაყოფილებასა და პროტესტს იწვევს.
ამ ფონზე მეტად უარყოფითად იმოქმედა ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ აფხაზეთში, ცხინვალის რეგიონში, ყირგიზეთსა და არქტიკაში მყოფ რუსულ სამხედრო ნაწილებში სამი წლით ჯარის მეთაურების დამხმარეებად გსურთ მიავლინოთ სასულიერო სასწავლებლების ახლად კურსდამთავრებული მოძღვრები.
რუსეთის ეკლესია ყოველთვის აღიარებდა და აღიარებს საქართველოს ეკლესიის იურისდიქციას როგორც აფხაზეთში, ისე ცხინვალის რეგიონში, ამიტომაც ჩვენთვის გაუგებარია ამგვარი განცხადება და იგი მძიმე მდგომარეობაში გვაყენებს ყველას.
საეკლესიო კანონიკიდან გამომდინარე, მიუღებელია ჩვენს ტერიტორიაზე, ჩვენი ნებართვის გარეშე, სხვა რომელიმე მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირთა გამოგზავნა, როგორც სამხედრო, ისე ჩვეულებრივ, საერო სივრცეში სამოღვაწეოდ, ასეთი ქმედება ძაბავს და ამწვავებს ვითარებას.
ვიმედოვნებთ, შესაძლებლობისამებრ მიიღებთ ზომებს ჩვენს სახელმწიფოთა, ხალხთა და ეკლესიათა შორის ურთიერთობების ნორმალიზებისათვის.
გისურვებთ ჯანმრთელობას და შემდგომ წარმატებებს თქვენს მაღალ მსახურებაში.
პატივისცემით,
სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქი,
მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი,
ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი
ილია II
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
საქართველოში მოქმედ რელიგიათა ხელმძღვანელებმა ტოლერანტობის დღეს საქართველოს პატრიარქს თანადგომა გამოუცხადეს


















