სიახლეები
დიდმოწამე გიორგის ხსენება (II ნაწილი)
06/05/2012
როდესაც დედოფალმა ალექსანდრამ კერპების შემუსრვა შეიტყო, მსწრაფლ მივიდა მეფესთან და შესძახა: „უძლეველი მხედრის გიორგის ღმერთო, ნუ გამიხსენებ უმეცრებით ჩადენილ ცოდვებს, უფალო, ღმერთო, გაიხსენე ჩემი უკანასკნელი მოქცევა შენდამი და ადგილი მიმიჩინე ქრისტიანებთან და შენს ერთგულ მონა გიორგისთან“. გამძვინვარებულმა მეფემ უკანასკნელად მიმართა წმინდა გიორგის: „უკეთურო გიორგი, შენ შეაცდინე დედოფალი და მიზეზი გახდი მისი დაღუპვისა, ამიტომ ვბრძანებ, რომ მახვილით თავი წარგეკვეთოთ შენც, გალილეველთა მღვდელსა და დედოფალსაც“. მხედრებმა მაშინვე წაიყვანეს ისინი ქალაქგარეთ. სიხარულით აღვსილი დედოფალი გულში გამუდმებით ლოცულობდა, ხოლო თვალები ზეცისაკენ ჰქონდა აღპყრობილი. მან გზად ჩამოისვენა და მშვიდობით მიაბარა სული უფალს, ხოლო წმინდა გიორგიმ, როგორც კი ადგილზე მიიყვანეს, სთხოვა მათ, რომ ლოცვის დრო მიეცათ. მიაპყრო თვალები ზეცას, აღაპყრო ხელები, ამოიოხრა და თქვა: „უფალო, ღმერთო ჩემო, რომელიც არსებობ საუკუნეებზე უწინარეს, რომლისკენაც მოვილტვოდი ჩემი სიყრმიდან, რომელი ხარ ქრისტიანთა სასოება, და რომლის არსებობასაც არა აქვს დასასრული, ისმინე ჩემი და როგორც მომეცი მოთმინება და სრული მოწამეობა, ასევე შეიწყნარე ჩემი სული და განარიდე ეშმაკთა სულებისაგან და დაადგინე შენს სათნომყოფელებთან ერთად. აპატიე ამ წარმართებს ის ბოროტება, რაც უყვეს შენს მონებს და გაუნათლე მათ გულები ჭეშმარიტების შესამეცნებელად. უფალო, მოუვლინე შეწევნა ყველას, ვინც კი უხმობს შენს სახელს და დაამკვიდრე მათ შორის შენი შიში, სიყვარული და შენი წმინდანების სურვილი, რათა აღასრულებდნენ მათ დღესასწაულებსა და ბაძავდნენ მათ სარწმუნოებას, რომ მათთან ერთად ღირსნი გახდნენ ზეციურ სასუფეველში დამკვიდრებისა. მოხედე, უფალო, ჩემს სიმდაბლეს და მიეცი მადლი ჩემი სხეულის ნაწილებს, რომ ყოველმა კაცმა, რომელიც სარწმუნოებით შეხედავს ან შეეხება, მიიღოს მადლი, კურთხევა და ცოდვათა შენდობა. ხოლო თუ ვინმე გასაჭირში იყოს და გამიხსენოს მე, იხსენი ყოველგვარი განსაცდელისაგან. უფალო ღმერთო, ვინც მოიხსენოს ჩემი წამების ღვაწლი, მიეცი მადლი, მიუტევე მათ ყოველგვარი შეცოდებანი და განკურნენ მათი სნეულებანი, რადგან მხოლოდ შენ იცი, მათი მაცთური მტრის სივერაგე, რომელიც ფეხქვეშ შემუსრე და რომლებიც წაიკითხავენ ან მოისმენენ ჩემს წამებას, განწმიდე ბიწიერებისაგან“. და როგორც კი ლოცვა დაასრულა, უფალი გამოეცხადა და უთხრა: „მოდი ჩემო სარწმუნო მონაო და შედი მამაჩემის ზეციურ სამკვიდრებელში. ხოლო რაც მთხოვე, აღგისრულებ და ვინც შენს სახელს მოიხსენებს, ვიხსნი ყოველგვარი განსაცდელისაგან“. და როდესაც სიტყვა დაასრულა, ამაღლდა ზეცად. მაშინ წმინდა გიორგიმ მოიდრიკა მუხლი და მიუშვირა ქედი. ჯალათმა დაჰკრა მახვილი და დასრულდა დიდმოწამის წამება 303 წელს, 23 აპრილს, პარასკევ დღეს, დილის 7 საათზე.
ანდერძის თანახმად წმინდა გიორგის ცხედარი დაკრძალეს პალესტინაში, ქალაქ რამალაში და იგი შეიქმნა კურნებებისა და სასწაულების წყაროდ. კონსტანტინე დიდის მეფობის დროს, იერუსალიმის მახლობლად, ქალაქ ლიდში (დიოსპოლისი) წმინდა გიორგის სახელზე ააშენეს დიდი ტაძარი და მისი წმინდა ნაწილები საზეიმოდ იქ გადაასვენეს.
წმინდა გიორგის სასწაულების რიცხვი აურაცხელია, ყოველი ქვეყანა და ყოველი ეკლესია აღსავსეა მისი საკვირველებითა და წყალობით. წმინდა გიორგის მიერ უღმრთოთა შემუსვრაზე მოგვითხრობს შემდეგი სასწაული: პალესტინაში, წმინდა გიორგის დედულეთის დაბას, სადაც დასვენებულია წმინდანის ყოვლადწმიდა ნაწილები, სარკინოზთა ჯარი შემოესია საბრძოლველად. როცა იქ მყოფნი დაატყვევეს, კარვები გაშალეს და იწყეს ლხინი და განცხრომა. უგუნურებმა ტაძრის საკურთხეველში, სადაც ძლევაშემოსილი და წამების ღვაწლით შემკული მოწამის წმიდა ნაწილები იყო დასვენებული, ხელი მიყვეს ღორმუცელობას, ლოთობას, ძილს, თამაშსა და ხუმრობას. შემდეგ მოზიდეს ისრები და სროლა დაუწყეს იქ დაბრძანებულ დიდებულ ხატებს. ერთმა ტყვეთაგანმა გაუბედა მათ და უთხრა: „არ შეიძლება ასეთი მკრეხელობა წმინდანთა მიმართ, რადგან მოწამე, ვისი სახელითაც პატივცემულია ეს ტაძარი, იყო უძლეველი მეომარი და დღემდე ამხილებს თავის მოწინააღმდეგეებს და ულმობლად მუსრავს მათ“. უსჯულო მხედრებმა უწესოდ გაიცინეს და თქვეს: „გაგვაგებინეთ ვინ არის ასეთი?“ ხოლო იგი უჩვენებდა წმინდა გიორგის ხატს. ბრწყინვალედ გამოსახულსა და მეომრის ჯაჭვის პერანგით შემოსილ დიდმოწამეს წელზე ოქროს ქამარი ერტყა, ხოლო ხელში საბრძოლო შუბი ეჭირა და თავზარდამცემი სანახავი იყო თავისი დიდებულებით. ერთმა მათგანმა მოზიდა ისარი და წმიდანის ხატს სტყორცნა, მაგრამ ისარი უეცრად უკუიქცა, მტყორცნელს გული განუგმირა და ბეჭებამდე გაერჭო. უბადრუკმა იმწამსვე სული დალია, ხოლო დანარჩენმა მხედრებმა დაინახეს წმინდა გიორგის ხატი, რომელსაც ხელი გაეშალა და ხოცავდა მათ. თავზარდაცემული მეომრები გაიქცნენ, ხოლო ვინც გადაურჩა მახვილით მოსვრას, მიუთხრობდნენ წმინდა გიორგის უძლეველ ძალაზე.
ჯერ კიდევ იმ დროს, როდესაც ქვეყანაზე ბრწყინავდა წმინდა გიორგი და ეს იყო მის წამებამდე, ქალაქ ლასიაში მეფობდა უკეთური, უსჯულო და კერპთმსახური სელინოსი, რომელიც ქრისტიანების მიმართ შეუბრალებელი და ულმობელი იყო. ამიტომაც, თავისი ბოროტი საქმეების შესაფერად მიეგო კიდეც უფლისაგან. ქალაქის მახლობლად იყო ტბა, რომელშიც გამოჩნდა ბოროტი ვეშაპი, იგი ყოველდღე ამოდიოდა წყლიდან და მუსრს ავლებდა მოსახლეობას. მრავალჯერ სცადეს მისი მოკვლა, მაგრამ ვერ შეძლეს, რადგან ძალიან მძვინვარე იყო. ქალაქის მცხოვრებლებმა დაადანაშაულეს მეფე, რომ იგი არ ეძიებდა ხსნის გზას თავისი ხალხის გადასარჩენად. ამგვარი მხილებით დამფრთხალმა მეფემ ქალაქის მცხოვრებლებს უბრძანა, თავიანთი შვილები რიგ-რიგობით მიეცათ მხეცისთვის შესაწირად და როდესაც ჯერი მასზე მიდგებოდა, ისიც შესწირავდა თავის ერთადერთ ასულს. მართლაც, მეფის განკარგულების თანახმად, ყოველი კაცი იძულებული გახდა გაემეტებინა თავისი შვილი, ვიდრე მეფის ასულის რიგიც არ დადგა. დარდისაგან შეწუხებულმა მამამ ძვირფასი სამოსით მორთო სასიკვდილოდ განწირული თავისი ერთადერთი ასული და მოთქმითა და გოდებით უკანასკნელი თხოვნით მიმართა თავის ქვეშევრდომებს, რომ არც ოქრო-ვერცხლს დაინანებდა, არც საკუთარ მეფობას, ოღონდ მისი ქალიშვილისთვის აეცილებინათ ეს მძიმე ხვედრი, მაგრამ არავინ უთანაგრძნო, რადგან თვით მის მიერ იყო ეს წესი დადგენილი. სელინოსმა, როცა იხილა მათი სიჯიუტე, მისცა მათ თავისი ასული. ხოლო კაცთმოყვარე და მრავალმოწყალე ღმრთის განგებულებით, სწორედ იმ დროს, როდესაც სამსხვერპლოდ გამზადებული ქალი ელოდა ტბიდან ვეშაპის გამოსვლას, უფალმა ინება, რომ იქ გაევლო კაბადუკიისკენ მიმავალ წმინდა გიორგის. მან ტბიდან წყალი შეასვა ცხენს და როდესაც იხილა თვალცრემლიანი ქალიშვილი, ტირილის მიზეზი ჰკითხა. ქალმა სთხოვა უცნობ ჭაბუკს, სწრაფად გასცლოდა ამ საშიშ ადგილს, მაგრამ წმინდა გიორგიმ მტკიცედ განუცხადა, რომ იგი მაინც არ მიატოვებდა, თუნდაც მასთან ერთად მომკვდარიყო, მაშინ ქალმა მოუთხრო თავისი გასაჭირის შესახებ. წმინდა გიორგიმ ჰკითხა ქალს, თუ რომელ ღმერთს მსახურებდნენ მამამისი და მისი ქვეშავრდომები. „აპოლონს, ჰერაკლეს, სკამანდროს და დიდ ღმერთს არტემიდას“ - უპასუხა ქალმა. როდესაც წმინდანმა გაარკვია მათი აღმსარებლობის წარმართული ბუნება, დაამშვიდა ქალი, რომ ჭეშმარიტი ღმერთის სახელით იხსნიდა მას ბოროტი მხეცისაგან. მან მაცხოვრის მიმართ აღავლინა ლოცვა, რათა მხეცის დამარცხების ძალა მიენიჭებინა მისთვის და მიიღო კიდეც პასუხად უფლისაგან „შესმენილ იქნა შენი ვედრებაი, გიორგი, ჰყავ რაიცა გნებავს, მე შენთანა ვარ“. უეცრად შეიძრა ლერწმოვანი. შიშით შეძრული ქალი მაინც ჭაბუკის გადარჩენას ცდილობდა და სთხოვდა იქიდან წასვლას, მაგრამ წმინდა გიორგი ვეშაპის მოსაკლავად გაეშურა, გამოსახა მასზე ჯვარი და თქვა: „უფალო, ღმერთო, გადააქციე ეს მხეცი ჩემს მორჩილად“ და როგორც კი ეს წარმოსთქვა, სულიწმიდის შეწევნითა და მისი ლოცვით ბოროტი ვეშაპი წმინდანის ფეხებთან დაეცა. წმინდა გიორგიმ ქალს უბრძანა, შემოეხსნა თავისი სარტყელი, ყელზე მოება მხეცისთვის და ისე წაეყვანა ქალაქში. ამ სანახაობით დამფრთხალი ქალაქის მცხოვრებნი წმინდანმა დაამშვიდა და უთხრა: „იწამეთ უფალი ჩვენი იესო ქრისტე, ყოვლად ძლიერი ჭეშმარიტი ღმერთი, და მე მოვკლავ ამ ვეშაპს“. მაშინ შეჰყვირეს მეფემ და მისმა ქვეშავრდომებმა: „გვწამს მამა, ძე და სული წმიდა“. წმინდა გიორგიმ იშიშვლა ხმალი, მოკლა ვეშაპი და ქალიშვილი მამას დაუბრუნა. ქალაქის მცხოვრებლები დაემხნენ წმინდანის წინაშე და ჭეშმარიტი ღმერთი განადიდეს, ხოლო მაშინ წმინდა გიორგიმ მოიწვია ეპისკოპოსი ალექსანდრე და ნათელი სცა მეფეს, დიდებულებსა და ერის დიდ სიმრავლეს. თხუთმეტი დღის განმავლობაში ორმოცდახუთი ათასი კაცი მოინათლა. მეფემ კი ჭეშმარიტი ღმრთის სადიდებლად ძვირფასი ტაძარი ააშენა. როდესაც ტაძარი დასრულდა, წმინდანი შევიდა საკურთხეველში და აღმოადინა საკურნებელი წყარო.
სწორედ ამ სასწაულის აღსანიშნავად გამოსახავენ ხატებზე წმინდა გიორგის ცხენზე მჯდომარეს შუბით ხელში, რომლითაც საზარელ მხეცს კლავს. დრაკონის მლახვრავი წმინდა გიორგის სახე არის ქრისტეს ეკლესიის ბოროტებასა და ცოდვაზე გამარჯვების სიმბოლო, ხოლო ხატი, რომელზეც იგი დიოკლეტიანეს კლავს, არის სიმბოლო ეკლესიის გამარჯვებისა მის ხილულ მტრებზე, მათზე, ვინც ქრისტიანობას ცეცხლითა და მახვილით ებრძოდა და ცდილობდა ჯალათის ხელით ადამიანთა გულებიდან ამოეგლიჯა ქრისტეს სახელი.
წმ. გიორგის განსაკუთრებულ თაყვანისცემას საქართველოში ჯერ კიდევ IV საუკუნის დასაწყისში დაედო საფუძველი. ძველთაგანვე საქართველოს, წმინდა გიორგის ქვეყანას, გეორგიას უწოდებდნენ. საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის კირიონის ცნობით წმინდა გიორგი კაბადოკიელი მესხი იყო, ხოლო წმინდა არსენ იყალთოელის მოწმობით, წმინდა ნინო - საქართველოს განმანათლებელი, დიდმოწამის ბიძაშვილი იყო და ქართველმა ერმა მისგან შეიტყო წმინდა გიორგის მოწამეობის შესახებ. სავარაუდოა, რომ პირველი ტაძარი წმინდანის სახელზე ბოდბეში, წმინდა ნინოს თაოსნობით აიგო (ბოდბის მონასტრის მთავარი ტაძარი წმინდა გიორგის სახელობისაა). მისი სახელობის ტაძრები აგებულია არა მარტო ქალაქებსა და სოფლებში, არამედ კლდეებზე, მთის მწვერვალებზე და მიუვალ ადგილებში, რომელთა კედლებს ამშვენებენ მისი ცხოვრებისა და სასწაულების გამომსახველი უძველესი ფრესკები. წმინდა გიორგის სახელზე აგებული უამრავი ტაძრიდან ერთ-ერთი უძლიერესთაგანია შავნაბადას წმინდა გიორგის ეკლესია, რომლის შესახებ არსებობს გადმოცემა, რომ ერთხელ, უსჯულო მტრის შემოსევისას ქართველთა მცირერიცხოვანი ლაშქარი, დაბანაკებული იმ მთის ძირში, რომლის წვერზეც წმინდა გიორგის ეკლესია იყო აგებული, გულმხურვალედ ევედრებოდა წმინდა მოწამეს მოსალოდნელ ბრძოლაში შეწევნას. ხოლო გამთენიისას ყველამ იხილა მხედარი, რომელიც შურდულივით დაეშვა მთის წვერიდან, ეს იმდენად შთამბეჭდავი სანახავი იყო, რომ თავზარდაცემული მტერი გაიქცა. გამხნევებულმა ქართველმა მეომრებმა ადვილად დაამარცხეს მტრის განახევრებული ლაშქარი. გამარჯვების შემდეგ სიმამაცით გამორჩეული მეომარი, რომელიც მთის წვერიდან დაეშვა, მხედართმთავარმა შავი ნაბდით დაასაჩუქრა. როდესაც ყველანი სამადლობელი პარაკლისის გადასახდელად ტაძარში შევიდნენ, შავნაბდიანი მხედარი სულ მთლად გაბრწყინდა და ყველამ შეიცნო წმინდა დიდმოწამე გიორგი. მას შემდეგ ამ მთას შავნაბადას მთას უწოდებენ, ხოლო მთის წვერზე აშენებულ ეკლესიას, შავნაბადას წმინდა გიორგის ეკლესიას.
ასევე, მოწამის ხილულ შეწევნაზე დიდგორის ბრძოლაში, მოგვითხრობს დავით აღმაშენებლის მემატიანე: „რამეთუ ხელი მაღლისაი შეეწეოდა და ძალი ზეგარდამო ჰფარვიდა მას და წმიდა დიდმოწამე გიორგი განცხადებულად და ყოველთა სახილველად წინა-უძღოდა მას და მკლავითა თვისითა მოსრვიდა ზედა-ზედა მოწევნილთა უშჯულოთა წარმართთა, რომელ თვით იგი უშჯულონი და უმეცარნი მოღმართ აღიარებდეს და მოგვითხრობდეს სასწაულსა ამას მთავარმოწამისა გიორგისასა“. ხოლო ქართველი ერისათვის ეს დღე ბოროტზე უფლის ბრწყინვალე გამარჯვების სიმბოლოდ იქცა. წმინდა გიორგი ითვლება მხედართა, მიწისმოქმედთა, მწყემსთა და მოგზაურთა მფარველად. მას ევედრებიან აგრეთვე დემონური ძალებისაგან გამოხსნას. წმინდა გიორგი ყველაზე უფრო პატივცემული წმინდანია საქართველოში. იგი ქართველთა მფარველი და სასო, მათი ფარი და მახვილია. ღმრთის განგებით ქართველი ერი უშუალო მფარველობისათვის ჩაბარდა წმინდა გიორგის, ამიტომაც წმინდა გიორგის დაუჯდომლის იკოსს დაემატა მუხლი: „გიხაროდენ უძლეველო წინამბრძოლო ქართველთა ერისაო და მფარველო ჩუენისა ეკლესიისაო“.
ტროპარი: „ტყვეთა განმათავისუფლებელო, და გლახაკთა ხელის აღმპყრობელო, სნეულთა მკურნალო, და მეფეთა უძლეველო, წინამბრძოლო, ღვაწლით შემოსილო დიდო მოწამეო გიორგი, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.“
კონდაკი: „მოიმუშკე ღმრთისა მიერ და გამოსჩნდი მუშაკად პატიოსნად ღმრთის-მსახურებისა გიორგი, და სათნოებათა მჭელეული შეუკრიბე თავსა შენსა, რამეთუ ცრემლით სთესე და სიხარულით მოიმკე, სისხლი დასთხიე და მოღვაწებითა ქრისტე შეიძინე, და აწ მეოხებითა შენითა იხსნი სიკუდილისაგან სულთა ჩუენთა.“
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
საქართველოში მოქმედ რელიგიათა ხელმძღვანელებმა ტოლერანტობის დღეს საქართველოს პატრიარქს თანადგომა გამოუცხადეს


















